English / ქართული / русский /
მარინა მუჩიაშვილიმერაბ ხმალაძენინო აბესაძე
სტუდენტების მიგრაციული განწყობის სტატისტიკური შეფასებები

ანოტაცია. სტუდენტობის მიგრაციული განწყობის სტატისტიკური შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფის პირობებში. მიზნობრივი კვლევითი პროექტის - „საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული განწყობა“ - ფარგლებში განხორციელდა სტუდენტების ემიგრაციული განწყობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ანკეტური მეთოდით და მისი სტა­ტისტიკური ანალიზი. შეგროვილი ინფორმაციის დამუშავებისა და მისი სტატის­ტიკური ანალიზის საფუძველზე განხორციელდა  სტუდენტთა მიგრაციული განწყობის შეფასება და სტუდენტთა ემიგრაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორების დადგენა საქართველოში.

საკვანძო სიტყვები: სტუდენტი, ემიგრაციული განწყობა, ემიგრაციის ძირითადი ფაქტორები, სტატისტიკური ანალიზი.

 *  *  *

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად იქცა. ეკონომიკის კოლაფსის, პოლიტიკური  კონფლიქტების, გაუსაძლისი სიღარიბის  გამო 1990-2000 წლებში ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდეც  არ კარგავს სიმწვავეს. 

ახალგაზრდობის მიგრაციული განწყობის შესწავლის მიზნით ჩვენ მიერ განხორციელებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2452 რესპონდენტმა, რომელთა შერჩევა მოხდა სრულიად შემთხვევითი შერჩევით, გუგლის ელექტრონული დოკუმენტების სისტემაში ჩაშენებული აპლიკაციით. გენერალური ერთობლიობა შეადგენდა  150 000 სტუდენტს, დოქტორანტების ჩათვლით (საქსტატის 2018 წლის მონაცემი სტუდენტთა რიცხოვნობის შესახებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებებში). შერჩევის ზომა განისაზღვრა 95%-იანი ნდობის ინტერვალით. შერჩევაში მონაწილეობდა 1732 ქალი (ვალიდური პროცენტი 70.9), და 710 კაცი (ვალიდური პროცენტი 29.1). გამოუპასუხებელი ანკეტების რაოდენობა შეადგენდა 10-ს (0.4%). კვლევაში მონაწილე რესპონდენტების სქესობრივი თანაფარდობა არ არის პრო­პორციული და, სავარაუდოდ, პასუხები უმეტესწილად ქალების პოზიციით არის განპირობებული, რადგან მათი რაოდენობა თითქმის 2.5-ჯერ აჭარბებს მამაკაცებისას. ზოგადად, ელექტრონული ანკეტური გამოკითხვების სიმარტივეს, რომელიც საგრძნობლად ამსუბუქებს რესპონდენტის ტვირთს, თან ახლავს სქესთა შორის არაპროპორციული გადანაწილება, რაც, ჩვენ შემთხვევაში, მამაკაცთა აბსოლუტურ და შეფარდებით სიმცირეში გამოიხატა, თუმცა ეს არ მეტყველებს შერჩევის არარეპრეზენტატულობაზე.

სტუდენტი ახალგაზრდობის მიგრაციული განწობის  შესწავლის მიზნით გრანტის პროექტში ყურადღება დავუთმეთ სტუდენტების პოტენციური მიგრაციის მიგრაციული განწყობისა და მათი ოჯახის წევრების ფაქტობრივი მიგრაციის შესწავლას. ამ მიზნით რესპონდენტებს დავუსვით შემდეგი შინაარსის კითხვები: “არის თუ არა წასული თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი სამუშაოდ საზღვარგარეთ?“, „იღებთ თუ არა მატერიალურ დახმარებას საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრებისაგან?“, „მიანიჭეთ ქულა საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილ/ გადაუჭრელ პრობლემებს“, „თუ აპირებთ წასვლას საქართველოდან, მიანიჭეთ ქულა წასვლის მიზეზს“.

სტუდენტთა ემიგრაციული განწყობის შესაფასებლად შესწავლილ იქნა მონაცე­მები მათი საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების შესახებ. 

 ნახაზი 1.  საზღვარგარეთ წასული/არწასული ოჯახის წევრების

სიხშირული განაწილება, 2019 წელი

  გამოკითხვიდან გაირკვა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება სტუდენტების ოჯახის წევრების დაახლოებით 26 %.

გამოკითხული სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია საზღვარ­გარეთ წასული ოჯახის წევრებიდან მიღებულ მატერიალურ დახმარებაზე. 

ნახაზი 2.  ოჯახისწევრისგანმიღებული/მიუღებელი მატერიალურიდახმარების სიხშირული განაწილება 2019 წელს

 

მიღებული შედეგების ანალიზიდან ირკვევა, რომ დღეისათვის საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარება სტუდენტების მრავალი პრობლების გადაჭრის ერთ-ერთ სერიოზულ წყაროს წარმოადგენს საქართველოში. როგორც მოსალოდნელი იყო, მათგან გამოიყოფა ისეთი  სამი ძირითადი მიმართულება, როგორიცაა: საკვები პროდუქტების შეძენა, ბინისა  და სწავლის გადასახადები. 

ცხრილი 1

საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილი/გადაუჭრელი პრობლემების რეიტინგების

სიხშირული განაწილება 2019 წელს

 

1

2

3

4

5

ვიკვებებით და ვიცმევთ უკეთესად

30.9%

8.7%

15.6%

14.5%

30.2%

გავიუმჯობესეთ საბინაო პირობები

27.4%

11.6%

16.6%

18.1%

26.3%

გადავიხადეთ სწავლის საფასური

32.3%

8.3%

11.4%

15.0%

33.1%

უკეთესად ვზრუნავთ ჯანმრთელობაზე

31.0%

12.1%

15.3%

15.7%

25.8%

დავიწყეთ საკუთარი ბიზნესი

51.5%

16.5%

10.1%

8.9%

13.1%

შევიძინეთ ავტომობილი ან სხვა ნივთები

39.4%

15.4%

17.1%

8.5%

19.5%

არავითარი პრობლემა არ გადაგვიჭრია

55.2%

12.2%

11.7%

5.2%

15.7%

თუ გავაანალიზებთ საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილი/გადაუჭრელი პრობლემების  შემაჯამებელ ცხრილს, ვნახავთ, რომ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით საკვებისა და ტანსაცმელის პრობლემატიკაზე პასუხები დააფიქსირა გამოკითხულთა 55.3%-მა, ბინაზე - 52%-მა, სწავლის გადასახადზე 51-მა, ჯანმრთელობაზე 49.8%-მა, ბიზნესზე-47.5%, სხვა ნივთების შეძენაზე 49.3 და არავითარზე - 45.9%-მა. 

ნახაზი 3. საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილ/გადაუჭრელ პრობლემების რეიტინგების სიხშირული განაწილება

დეტალურად განვიხილოთ საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერია­ლური დახმარებით გადაჭრილი/გადაუჭრელ პრობლემების განაწილება მეხუთე, ყველაზე მაღალი პრიორიტეტისა და პირველი, ყველაზე დაბალი რეიტინგების მიხედვით.

მეხუთე, ყველაზე მაღალი პრიორიტეტის მიხედვით გამოკითხულთა მესამედზე მეტმა უპირატესობა მიანიჭა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით სწავლის გადასახადის გადახდას. ეს, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, როდესაც საქმე ეხება სტუდენტ-ახალგაზრდობას და ეს საკითხი მათთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, სტუდენტთა მესამედმა 5 ქულა მიანიჭა ფაქტორს - ვიკვებებით და ვიცმევთ უკეთესად, შემდეგ მეოთხედმა ზრუნვას ჯანმრთელობაზე. ნიშანდობლივია, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყებას და ავტომობილის შეძენას მეხუთე პრიორიტეტი რესპონდენტთა შედარებით მცირე ნაწილმა მიუთითა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი სახსრებით ძირითადად  პირველი მოთხოვნილების საგნებსა და აუცილებელ სერვისებზე წვდომა ხერხდება, ხოლო უფრო კაპიტალურ ხარჯებზე - მხოლოდ მცირე ნაწილისა. 

ნახაზი 4. საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილი/გადაუჭრელ პრობლემების სიხშირული განაწილება მეხუთე რეიტინგის მიხედვით

მეხუთე პრიორიტეტთან შედარებით, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხე­ბით მიღებულ სარგებელზე რესპონდენტების ერთი ნაწილი გამოთქვამს უკმაყო­ფილებას, ვიდრე შედეგისადმი კმაყოფილებას, რაზეც მეტყველებს კმაყოფილების მაღალი და დაბალი დონეების შედარება. აქვე აღსანიშნავია, რომ კმაყოფილება და უკმაყოფილება სამ ტოპ ფაქტორთან დაკავშირებით, როგორიცაა სწავლის გადასახადის გადახდა, უკეთესი კვება და ჩაცმა და საბინაო პირობების გაუმჯობესება, თითქმის ერთნაირია, ხოლო კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებით - რადიკალურად განსხვავებული. 

ნახაზი 5. საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრების მატერიალური დახმარებით გადაჭრილი/გადაუჭრელი პრობლემების სიხშირული განაწილება პირველი რეიტინგის მიხედვით

 

ნახაზი 6. საქართველოდან ემიგრაციის მიზეზების რეიტინგების სიხშირული განაწილება

 

ყველაზე მაღალი პრიორიტეტის მიხედვით  ემიგრაციის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა სწავლა, მას მოჰყვება სამუშაოს მოძიება და არასახარბიელო მატერიალური პირობები.

მაშასადამე, ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველოდან სტუდენტების ემი­გრაციის მიზეზები რეიტინგების მიხედვით გარკვეულწილად განსხვავდება მოსახ­ლეობის მიგრაციის საერთო მიზეზებისაგან. კერძოდ, გამოკვლევამ აჩვენა, რომ  ახალგაზრდებში ემოგრაციის ძირითად მიზეზად სახელდება საზღვარგარეთ სწავლის სურვილი, რაც მოსალოდნელიც იყო, შემდეგ ოჯახის წევრთან გაერთიანების სურვილი, მესამე ადგილზეა  სამუშაოს მოძებნა და დასაქმების პერსპექტივა, ასევე, ემიგრაციის  მნიშვნელოვანი მიზეზია საქართველოში მათი ცხოვრებისათვის არსებული არა­სახარბიელო საბინაო და მატერიალური პირობები, 

სტუდენტი ახალგაზრდობის პოტენციური ემიგრაციის სავარაუდო რეალიზაცია საქართველოს დემოგრაფიულ პოტენციალზე ორმხრივ ზეგავლენას მოახდენს. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ სტუდენტი ახალგაზრდობა იმყოფება აქტიურ ფერტილურ ასაკში, ემიგრაცია გააუარესებს საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების მაჩვე­ნებლებს. მეორე მხრივ, ემიგრანტთა ფულადი გზავნილები ნაწილობრივ შეავსებს დემოგრაფიული ზრდისთვის საჭირო რესურსებს და ამ თვალსაზრისით, გარკვეული ზომით  დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს აქ დარჩენილი მოსახლეობის ზრდასა და აღწარმოებას. გარდა ამისა, სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ  საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და ღირებულებები უკან დაბრუნების შემთხვევაში დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის მომავალ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. 

დასკვნა

საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში სტუდენტი ახალგაზრდობის პოტენციური ემიგრაციის სავარაუდო რეალიზაცია საქართველოს დემოგრაფიულ პოტენციალზე ორმხრივ ზეგავლენას მოახდენს. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ სტუდენტი ახალგაზრდობა იმყოფება აქტიურ ფერტილურ ასაკში, ემიგრაცია გააუარესებს საქართველოს მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლებს, თუმცა, მეორე მხრივ, ემიგრანტთა ფულადი გზავნილები ნაწილობრივ შეავსებს დემოგრაფიული ზრდისთვის საჭირო რესურსებს და, სავარაუდოა,  გარკვეული ზომით  დადებით როლს ითამაშებს ქვეყანაში  დარჩენილი მოსახლეობის ზრდისა და აღწარმოების პროცესის ხელშეწყობაში. გარდა ამისა, სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ  საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და ღირებულებები უკან დაბრუნების შემთხვევაში დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის მომავალ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვი­თარებაში. მიუხედავად ამისა, საქართველოდან მოსახლეობის გადინების საგანგაშო მაჩვენებლების გასაუმჯოსებლად შექმნილი ურთულესი ვითარება მოითხოვს სახელმწიფოს მიერ გონივრული მიგრაციული პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აღიარებას და შესაბამისი მიგრაციული პოლიტიკის გატარებას.  დღეისათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება შრომითი მიგრაციის ლეგა­ლიზაციის საკითხი, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფა, შრომითი ემიგრაციის თაობაზე სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო მოსახლეობის მიგრაციის დარეგულირებას, არამედ მრავალი უმწვავესი სოციალური პრობლემის გადაჭრას. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უშუალოდ ახალგაზრდების განათ­ლებასა და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების ზომებისა და რაოდენობის ზრდა. მათი მიახლოვება ეკონომიკურად განვითარებული და მზარდი ეკონომიკების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. “საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი”, თბილისი,  2019.
  2. მ. მუჩიაშვილი, მ. გიორგობიანი, ზ. შონია „საქართველოს  სახელმწიფო ვალის მდგრადობის ზეგავლენა  ქვეყნის  ეკონომიკურ ზრდაზე“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში". თბილისი, 2019.
  3. მ.ხმალაძე, „სტუდენტი ახალგაზრდობის დემოგრაფიული ქცევა“, საქართვე­ლოს მეცნიერებათა აკადემია, დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტი­ტუტი, (2004-2005 წლების გრანტის პროექტით გათვალისწინებული ნაშრომი), ხელნაწერის უფლებით, თბილისი, 2005.
  4. მინდორაშვილი მ., აბესაძე ნ., გიორგობიანი მ. სტუდენტების სოციალ-დემოგრაფიული მახასიათებლების სტატისტიკური ანალიზი“, „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფე­რენციის შრომების კრებული“, თბილისი, თსუ, 2019.
  5. Forbes Georgia, Tbilisi, 2019.
  6. geostat.ge